ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი იხსნება

საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში პირველად იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისთვის.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე დღეს ქართული ეროვნული პავილიონი იხსნება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენაზე საქართველოდან წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის „მდგომარეობებს შორის“ მიერ შექმნილი პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე".
„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისელი მხატვრების მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. იგი მულტიმედიური პროექტია, რომელიც მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე და მასშტაბური ვიდეოინსტალაციისა და VR (ვირტუალური რეალობის) გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის რეალიზმში იწვევს. მთავარი გმირი გადაშენებული მცენარეების ბაღია, რომელიც ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს.
ვინ გაემგზავრება ვენეციის ბიენალეზე: კონკურსის შედეგები>>>
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ პავილიონში იმუშავებს არტ-რეზიდენცია ქართველი ახალგაზრდებისთვის. მანამდე კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდა არტისტების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში ხუთი მონაწილე გამოვლინდა: მარიამ ჩირგაძე, ნანა გოგოლაშვილი, ეკატერინე ყარსელაშვილი, ელიზაბეტ ალფაიძე და მარიამ შერგელაშვილი.
სამინისტრო აანაზღაურებს გამარჯვებულთა მგზავრობის, ცხოვრებისა და ყოველდღიურ ხარჯებს. უწყებამ უკვე დადო ხელშეკრულება საცხოვრებლის იჯარის შესახებ ვენეციაში 13 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩათვლით პერიოდზე.
ვენეციის საერთაშორისო ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა. 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა „რძე სიზმრებისა“, სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის ლეონორა კერინგტონის (1917-2011) ამავე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული.