თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ქვეყანას წაადგება, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარტიიდან „გირჩი“ იაგო ხვიჩიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ემზადება, სადაც ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას აპირებს. პარტიის გეგმებზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
„ახლა არც ქვეყანაშია საზეიმო მდგომარეობა, არც სამყაროშია, არც „ნაციონალური მოძრაობის" თავს არის საზეიმო მდგომარეობა. თუ რაღაც უნდა იზეიმოს ხალხმა და „ნაციონალურმა მოძრაობამაც", არის, რომ თუ ასეთ შეკრებაზე გამოაცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შესახებ – ეს ყველასთვის კარგია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციურ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ არ აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებას, თუმცა ამბობენ, რომ თავად პროტესტის წინააღმდეგი არ არიან.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებას არ ვაპირებთ. აქციებიც და პროტესტიც არის კონსტიტუციური უფლება და თქვენ იცით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს" არასდროს ამ პროტესტის ან ე.წ. ქუჩის აქციების დროს უკან არ დაუხევია, თუ ეს თანხვედრაში მოდის იმ მოთხოვნებთან, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ.
ამავე დროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს იქნება ბრძოლა არა პარტიული, არამედ ზოგადეროვნული მიზნებისა და ამოცანებისთვის.
„ჩვენ ვგეგმავთ აქციებსაც, ჩვენ ვგეგმავთ პროტესტსაც. ეს არ არის არც პარტიული ამოცანა და არც ზოგადად ოპოზიციური ამოცანა. ეს არის საერთო ეროვნული ამოცანა და ამ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად ყველანი უნდა დავირაზმოთ“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.
კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილს 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს უნდა ესაუბრა.
თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე 200 ათას ადამიანამდე შეკრებს.