„ნაცმოძრაობის“ გეგმები ვადამდელ არჩევნებზე არარეალისტურია - დეპუტატი

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ გეგმების რეალისტურობაში თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებსაც ეჭვი ეპარებათ.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები, რომ მიაღწიონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, არარეალისტურია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
უფრო ადრე დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, რათა ხელისუფლება აიძულოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და ამით მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას. „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ ცნობილი გახდა ლევან ხაბეიშვილის კონსულტაციების შემდეგ სააკაშვილთან ციხეში.

„პრობლემაა ასეთი არარეალისტური გეგმების დასახვა და მერე საკუთარი მედიასაშუალებებით ამის რეალობად გასაღება. მაგრამ იმდენჯერ ჩავარდა ეს ამბავი, რომ იმედი მაქვს, თავად „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც ეჭვს შეიტანენ ამ გეგმების რეალურობაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მანამდე ხაბეიშვილმა განაცხადა, მასობრივი დემონსტრაციების საბაბი უნდა გახდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. ოპოზიციონერები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობის" მუქარა საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს>>
ხაბეიშვილმა ასევე დაამატა, რომ კონკრეტულად იმის შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილი 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს იტყოდა.
თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.