რა შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპებს - ანალიტიკოსების პროგნოზი

Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრანტების შემოსვლა, საერთაშორისო ტვირთნაკადების საქართველოს გავლით გადამისამართება და გეგმები საერთაშორისო კომპანიების საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, უკრაინის მოვლენები საქართველოს ეკონომიკის ზრდას 3%-მდე შეანელებს, თუმცა რესტორნებისა და სასტუმროებისთვის დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების გაუქმება, მიგრანტების ნაკადები და სხვა ფაქტორები დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.

„ჩვენი შეფასებით, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრანტების ნაკადი შეიძლება ეკონომიკის ზრდას 0,3-0,5 საპროცენტო პუნქტით დაეხმაროს, ხოლო საერთაშორისო ტვირთნაკადების საქართველოს გავლით გადამისამართებამ შეიძლება მშპ-ის მაჩვენებელი კიდევ 0,7%-ით გაზარდოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კიდევ ერთ დადებით ფაქტორს წარმოადგენს IT-მომსახურების სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანიების დისლოკაციის საქართველოში გადმოტანის შესახებ მოლაპარაკებები.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა>>>
„ეს ნიშნავს, რომ, ჩვენს საბაზისო 3%-იან პროგნოზთან შედარებით, 2022 წელს ზრდა შეიძლება 4,0-4,5%-მდე დაფიქსირდეს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
ამასთან, კომპანიის ანალიტიკოსები 2022 წლის დასაწყისში მშპ-ის ზრდის მაღალ ტემპებზე მიუთითებენ. ორი თვის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკა 16,3%-ით გაიზარდა.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2022 წლის პროგნოზი 5,5-დან 2,5%-მდე შეამცირა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, გაუმკლავდეს უკრაინაში ომის ეკონომიკურ შედეგებს გონივრული ფისკალური და საგარეო რეზერვებისა და საიმედო მაკროფინანსური სტრუქტურის წყალობით.