ციგურაობა: საფინა-ბერულავას წყვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს

წყვილთა ციგურაობის მოკლე პროგრამაში საფინამ და ბერულავამ საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ამ სახეობაში გამარჯვებულთა ვინაობა დღეს გაირკვევა.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ ციგურაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი მოციგურავეები წარმატებით ასპარეზობენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა შეასრულეს კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებმაც 67,77 ქულა დააგროვეს და ცხრილის სათავეში მოექცნენ. აღსანიშნავია, რომ საფინა-ბერულავას წყვილი ტურნირის ფავორიტად მიიჩნევა.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს ანასტასია გოლუბევა/ჰეკტორ გიოტოპულოსი მური (ავსტრალია, 61,72) და ანასტასია სმირნოვა/დანილო სიანიცია (აშშ, 60,38) ინაწილებენ.
წყვილთა ციგურაობის პროგრამაში მედალოსანთა ვინაობა დღეს, 15 აპრილს გაირკვევა. ამავე დღეს რიტმულ ცეკვებს შეასრულებენ საქართველოს ნაკრების წევრები იულია ლებედევა-ბითაძე და დიმიტრი პარხომენკო.
ფიგურული ციგურაობა: საფინა/ბერულავას წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა>>
აღსანიშნავია, რომ საფინამ და ბერულავამ ზამთრის ოლიმპიადაზე მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც ზამთრის ოლიმპიადებზე საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა. ამ სეზონში ამ წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე მე-4 და მსოფლიოზე ასევე მე-4 შედეგი აჩვენა.