სურსათის ეროვნული სააგენტო: საქართველოში შოკოლადის საეჭვო პარტიები არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები რამდენიმე დღის წინ მყისიერად დაიწყო და იმპორტიორ კომპანიებსაც მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში სხვადასხვა დასახელების იმპორტირებული შოკოლადის საეჭვო პარტიები არ გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Ferrero ქვეყნების უმეტესობიდან უკან იწვევს შოკოლად Kinder-სიურპრიზსა და Kinder-ის ხაზის სხვა ნაწარმს — ეჭვის გამო, რომ პროდუქცია შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 აპრილს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენის პროცედურები მყისიერად დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ბიზნეს-ოპერატორების შემოწმების პროცესი დასრულებულია. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან მოიხსნება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და სინგაპურში.
„ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით, 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „კინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შოკოლადის საეჭვო პარტიების გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო>>
6 აპრილს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სალმონელოზით ინფიცირების 134 შემთხვევა დაფიქსირდა.
ევროკავშირი Kinder-ში სალმონელის შემთხვევებს იძიებს: კომპანია პროდუქციას უკან იწვევს>>
როგორც ევროკომისიის სპიკერმა სტეფან დე კერსმეკერმა განაცხადა, „ეპიდემიოლოგიური და ანალიტიკური მონაცემები არლონში (ბელგია) მდებარე შოკოლადის ქარხანაზე მიუთითებს“.
ამასთან Ferrero-მ განაცხადა, რომ გასაყიდად გამოშვებული მისი პროდუქციის არცერთ ტესტში სალმონელა არ გამოვლენილა.