პენსიები საქართველოში ახალი წესით გაიცემა - სახელმწიფო ახალ ბანკს ეძებს

წინასწარი მონაცემებით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან „ლიბერთი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი იმ ბანკის გამოსავლენად, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მოქალაქეებისთვის პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს გასცემს.
ამჟამად სოციალური მომსახურების სააგენტოს „ლიბერთი ბანკი“ (Liberty Bank) ემსახურება.
ბანკებისგან განაცხადების მიღება 11 მაისს დაიწყება და 16 მაისის 12:00 საათამდე გასტანს.
ბანკების შერჩევა ორი კრიტერიუმით მოხდება. პირველი ეხება პენსიებისა და სოციალური დახმარებების დარიგების ღირებულებას, მეორე – პენსიონერებისა და სახელმწიფოსგან დახმარების მიმღებთა კრედიტების საპროცენტო განაკვეთს.
რაც შეეხება კრედიტებს, სახელმწიფომ სატენდერო წინადადებაში ჩადო პირობა, რომ ბენეფიციარებისთვის სესხის გაცემა (დაკრედიტება) ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს სესხის ვადის ბოლომდე.
„წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 პროცენტული პუნქტის ჯამურ ოდენობას და არ უნდა იცვლებოდეს სესხის ვადის ბოლომდე“, – წერია სატენდერო მოთხოვნაში.
ამჟამად ბანკთაშორისი საკრედიტო განაკვეთის ინდექსი 10,6%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ბანკის მიერ შეთავაზებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 10,6+15=25,6%-ს. სატენდერო კომისიის მიერ ბანკის შეფასების დროს ამ კრიტერიუმის „წონა“ 70% იქნება.
კომისია 30%-იანი „წონით“ განიხილავს მეორე კრიტერიუმს – პენსიების დარიგების ღირებულებას. ამჟამად მოქმედი პირობებით, სახელმწიფო აქამდე პენსიების დარიგებაში ფულს არ იხდიდა, ტენდერის დასრულების შემდეგ კი ამ სერვისის თანხას ბანკს აუნაზღაურებს. შესაბამისად, კომისია გაითვალისწინებს იმ ბანკის წინადადებას, რომელიც უფრო იაფად მიაწვდის სახელმწიფოს ამ სერვისს.
105 მლნ ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობის სხვა პირობებია: საბანკო ლიცენზიის არსებობა, ფილიალების ან სერვის-ცენტრების არსებობა თითოეულ ქალაქში, რეგიონსა და რაიონში 2023 წლის 1 იანვრისთვის, ასევე ბანკომატებისა და სერვის-ცენტრების ხელმისაწვდომობა რაიონის სერვის-ცენტრიდან ხუთ კილომეტრში.
„საპენსიო სესხი“ გაიაფდება: პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს>>
ასევე გამარჯვებული ბანკი ვალდებული იქნება გაუხსნას ანგარიშები ბენეფიციარებს მონაცემების გადაცემიდან ორ დღეში, ხოლო ფული გადარიცხოს სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანხის მიღებიდან მესამე საბანკო დღეს. ამასთან, თანხა ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ნაღდი სახით, ისე ბარათზე.
გარდა ამისა, ტენდერის პირობებით, პენსიონერების მიერ კომუნალური გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშე უნდა მოხდეს, მათი ბარათებით უზრუნველყოფა ასევე უფასო უნდა იყოს.
კრედიტების პრობლემა
ბოლო მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს კრედიტი ბანკში თითქმის 394 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა. „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც ამჟამად გასცემს პენსიებს საქართველოში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ პირებზე 367,5 მლნ ლარის ოდენობის სესხი გასცა 35,4%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით.
საქართველოში ყოველ მესამე პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ბანკის ვალი აქვს>>
სესხის ქვეშ იგულისხმება პენსია ან სოციალური დახმარება, რომელიც რამდენიმე თვით ადრეა გატანილი.
ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რომელსაც ბრალს სდებდა უმოქმედობაში საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის კუთხით.
ვინ მიიღებს მონაწილეობას
წინასწარი მონაცემებით, კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს ორი ბანკი – „ლიბერთი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“.
Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ამჟამად ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4.600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
„საქართველოს ბანკი“ – უმსხვილესი ბანკია ქვეყანაში, დაახლოებით 21,8 მილიარდი ლარის ჯამური აქტივებით და 43,3 მილიონი ლარის კაპიტალით. ბანკის ფილიალების ქსელი მოიცავს 200-ზე მეტ ფილიალს და 972 ბანკომატს. „საქართველოს ბანკი“ 2,5 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
საქართველოში სოციალურ შემწეობებს და პენსიებს იღებს 971,7 ათასი ადამიანი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 26,6%-ია.