აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეული დასახელების მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა

გამონაკლისი მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომელთა რეცეპტიც 1 მარტიდან მხოლოდ ელექტრონული სახით გაიცემა.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას გარკვეული დასახელების მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გამონაკლისი მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება. ამ ჯგუფის რეცეპტები 1 მარტიდან მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მათი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებლობის შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიცემა ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები.
მოქმედი კანონმდებლობით, რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვ.
დღეიდან საქართველოში რეცეპტს მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერენ>>
გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ ბმულზე.