ლატვიელი პროფესორების გატაცება თბილისში: ტაქსისტს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ინციდენტი 11 აპრილს მოხდა. დაზუსტებული ინფორმაციით, ორი პროფესორი ლატვიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსიში ჩაჯდა და თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში წაყვანა ითხოვა. 29 წლის ტაქსის მძღოლმა მგზავრებს 200 ლარი მოსთხოვა. როდესაც ლატვიელებმა მას უარი უთხრეს, მძღოლმა, იმის ნაცვლად, რომ ისინი საჭირო ადგილზე მიეყვანა, კახეთის მიმართულებით, გომბორის გადასახვევთან წაიყვანა და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ტაქსის მძღოლს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ). მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტაქსისტი თბილისში ლატვიის მოქალაქეებს ფულს სძალავდა >>
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა