თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური საკონდიტრო მწარმოებელი Ferrero ქვეყნების უმეტესობიდან უკან იწვევს შოკოლად Kinder-სიურპრიზსა და Kinder-ის ხაზის სხვა ნაწარმს — ეჭვის გამო, რომ პროდუქცია შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო – იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ და დაავალა შოკოლადის პროდუქტის (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული მოქმედებების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ არაგეგმურ ინსპექტირებასა და ზედამხედველობას აღნიშნული შოკოლადის იმპორტიორ ბიზნეს-ოპერატორებთან.
გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან მოიხსნება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და სინგაპურში.
6 აპრილს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სალმონელოზით ინფიცირების 134 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
როგორც ევროკომისიის სპიკერმა სტეფან დე კერსმეკერმა განაცხადა, „ეპიდემიოლოგიური და ანალიტიკური მონაცემები არლონში (ბელგია) მდებარე შოკოლადის ქარხანაზე მიუთითებს“.
ამასთან Ferrero-მ განაცხადა, რომ გასაყიდად გამოშვებული მისი პროდუქციის არცერთ ტესტში სალმონელა არ გამოვლენილა.