რაჭაში მეწყერმა საავტომობილო გზა დააზიანა: მიმდინარეობს ალტერნატიული გზის რეაბილიტაცია

გზის აღდგენითი სამუშაოები გეოლოგიური კვლევის შემდეგ დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტის პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ცხმორი-ღუნდას გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
6 აპრილს ძლიერმა წვიმებმა პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რის გამოც დაზიანდა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეფერხდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა ცხმორი-ღუნდას ალტერნატიული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ონის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა>>
ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაფართოებისა და გასუფთავების სამუშაოები.
მერიის ცნობით, არსებულ მდგომარეობას უახლოეს ვადაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები შეისწავლიან. მათ მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე კი დაიწყება დაზიანებული გზის მონაკვეთის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების და სარეაბილიტაციო სამუშაოები.