თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. უკრაინის ბრალდებები საქართველოს მიმართ უსაფუძვლო და ფეიკი იყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს მტკიცებულებები, თუმცა ისინი არ გამოქვეყნებულა.
„ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი ინფორმაცია უკრაინული მხრიდან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ის არაფერს არ ეფუძნებოდა და თავიდან ბოლომდე იყო ე.წ. ფეიკი“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, ფეიკების ოსტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან, რომლებსაც დღეს უკრაინაში მაღალი თანამდებობები უკავიათ.
„ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რომელიც შეიძლება იყო გათვლილი აქაურ რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინაციისთვის და გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ შეიძლება რაღაც მინი-აფეთქება მოჰყოლოდა ამ განცხადებას საზოგადოებაში“, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება „ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს“ იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიას რუსეთში საქონლის კონტრაბანდისთვის არ იყენებენ.
ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრალდების მტკიცებულებები თავად უკრაინამ უნდა წარმოადგინოს ან უარყოს აღნიშნული ბრალდება. მათი თქმით, ბრალდება აბსურდულია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას.