5 ივლისის საქმე: სასამართლომ კიდევ შვიდი პირი ცნო დამნაშავედ

აღნიშნულ საქმეზე სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო.
ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს და დავით ქოჩიაშვილს სასჯელის სახით ერთი წლით პატიმრობა, ვანო ბურდულს კი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ყველა მათგანს ბრალი ედებოდა „ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში“, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და ექვსი პირი „ჯგუფურ ძალადობაში“ ცნო დამნაშავედ, ერთი კი „ძალადობაში“.
საქმის მასალების თანახმად, სამი ბრალდებული ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა, დანარჩენებმა კი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი რიგითი მოქალაქე სცემეს.
საუბარია ტელეკომპანიების - „TV პირველის", „ფორმულას", „მთავარი არხის", „იმედის", „რუსთავი2"-ის, „რადიო თავისუფლების", „პირველი არხისა“ და მედიაკომპანია „ტაბულას" ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობაზე.
ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე>>>
ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა.
იმ დღეებში სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
საქმეზე პირველი განაჩენი 17 მარტს გამოიტანეს. ამ დროისათვის სასამართლომ დამნაშავედ 21 პირი ცნო, აქედან 20-ს პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი ჯარიმა დაეკისრა.