თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის თაობაზე უკრაინის ბრალდებების დაჯერება მტკიცებულებების გარეშე შეუძლებელია, ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა პარტიიდან „ლელო – საქართველოსთვის“ დავით უსუფაშვილმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
„ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე და ასე შემდეგ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია... მსგავსი მოვლენა თეორიის, ფანტასტიკის სფეროა“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
აქვე მან დაამატა: „არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული, ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია“.
უსუფაშვილმა თხოვნით მიმართა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მთავრობას, რომ ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
„ვისურვებდი მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფილი იყოს ეს ინფორმაცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს ინდივიდების და მთავრობების მიმართაც. ვინც ბრალი წამოაყენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს ბრალი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებებთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ის, რაც უკრაინამ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
სუსმა ასევე შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ ბრალდებას სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდეს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას, აღნიშნეს სამინისტროში.