თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთში კონტრაბანდასთან დაკავშირებით კიევის ბრალდების საპასუხოდ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
„უკრაინა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს“, – განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.
უკრაინის ბრალდებებს ვიცე-პრემიერმა „ბინძური ტყუილი“ უწოდა. წულუკიანმა მიმართა თავის უკრაინელ კოლეგას, ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკს და განაცხადა, რომ საქართველოს საზღვრები მკაცრად კონტროლდება.
„ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებებთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ის, რაც უკრაინამ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
სუსმა ასევე შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ ბრალდებას სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდეს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პივრელივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას, განაცხადეს სამინისტროში.