კანიონინგი კაპნისთავში - აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი გაჩნდება

საქართველოში კანიონინგის პოპულარიზება დაიწყო – აჭარაში ტურიზმის ამ ექსტრემალური სახეობისთვის უკვე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სოფელ კაპნისთავში კანიონინგისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანიონინგი – ესაა კანიონების გადალახვა მცურავი საშულებების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით: კლდეზე ცოცვა, თოკით დაშვება, წყალში ხტომა, ცურვა და სხვ.
კანიონინგის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კაპნისთავი კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება იქნება, სადაც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩანჩქერებზე დაშვებასა და ლაშქრობას შეძლებენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია. სოფელთან ათამდე სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერი მდებარეობს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 35 მეტრის სიმაღლისაა.
კანიონინგის პირველი მარშრუტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უჩხოს ხეობაში 2020 წელს მოაწყო, სადაც 12 კასკადოვანი ჩანჩქერი და ულამაზეს ხეობაში მდებარე 1,5 კმ სიგრძის კანიონია.