თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ შეამცირა საჯარო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა და რემონტის ვადები, პროექტების ამოქმედება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის ინიციატივით, მთავრობა მზად არის, იყოს ბანკების წინაშე გარანტორი იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთვის აშენებენ, ხოლო შემდეგ დაუბრუნოს კომპანიებს ფული სამი-ხუთი წლის განმავლობაში.
„ჩვენი ამოცანაა, რომ წელსვე დაიწყოს იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაწყებული სამუშაოს ფარგლებში სამშენებლო ინდუსტრიას შესთავაზეს მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი გარანტირებული დაკვეთის მისაღებად საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.
აღნიშნულ საკითხზე ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით არაერთი შეხვედრა გაიმართა. ღარიბაშვილის თქმით, ყველა სამინისტრომ წარმოადგინა იმ ობიექტები სია, რომელიც უნდა აშენდეს ან გარემონტდეს.
„საკმაოდ მასშტაბური მოცულობა მივიღეთ. წელს კომპანიებს მინიმუმ 1,5-დან 2 მილიარდამდე შევთავაზებთ. პროექტები პრაქტიკულად ყველა უწყებამ წარმოადგინა“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ეს ბიზნესისთვის კარგი შეთავაზებაა. ერთი მხრივ, მთავრობა საკუთარ პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს, მეორე მხრივ კი, ამისგან ბიზნესი მოიგებს და ეს ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტები ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
„ჩვენ უკვე გვქონდა ბანკებთან წინასწარი საუბარი, ისინიც თანახმა არიან, რომ აღნიშნული პროექტები დააფინანსონ, გამოყონ დამატებითი ფინანსები. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრსა და სხვა უწყებების ხელმძღვანელებს მიმდინარე კვირაში საბოლოო შეხვედრები ექნებათ, მომავალ კვირაში კი მთავრობა აღნიშნულ პროექტს წარმოადგენს.