თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. არჩევნებმა შაბათს აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში 2 აპრილს ჩატარდა რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ორივე შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.
„2 აპრილის არჩევნებზე ამომრჩევლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პასუხია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიებისთვის, თუ რომელი პოლიტიკური ძალის პოლიტიკას უჭერს მხარს ქართველი ხალხი. ჩვენ ვნახეთ რამდენად დიდია ეს მხარდაჭერა“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აპრილს შუალედური არჩევნები ჩატარდა, ხალხისთვის ეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იყო.
პაპუაშვილის განცხადებით, მათ მოსახლეობისგან მიიღეს მკაფიო პასუხი, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს მთავრობის პოლიტიკას.
წინასწარი მონაცემებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იღებს ხმების 69,01%-ს, „ნაცმოძრაობის – 30,98%-ს.
რუსთავსა და გარდაბანში მმართველი პარტიის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო ხმების 90,61%, მამუკა ტუსკაძემ პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ – 6,95% და ქამალ მურადხანოვმა პარტიიდან „ერთობისა და განვითარების ქართული პარტია“ – 2,43%.