თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი" დაათვალიერა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
„კერკი" ხუთი სახის პროდუქციას - ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, ცუკატს და თხილეულს აწარმოებს. საწარმო 2021 წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამების, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრის, ასევე ევროკავშირის, USAID-ის და „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით.
საწარმოს ინვესტიციის სრული მოცულობა 750 ათასი აშშ დოლარია, დასაქმებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი.
მთავრობის მეთაური საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ასევე ადგილზე წარმოების განვითარების თვალსაზრისით.
პრემიერ-მინისტრთან ერთად საწარმო დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური