თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში გორგაძეების ოჯახში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
გორგაძეების ოჯახმა შეღავათიანი აგროსესხით ისარგებლა და 170 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსებით საფუტკრე მეურნეობა გააშენა. ამ დროისთვის თემურ გორგაძეს მეურნეობაში 650 სკა აქვს და 10 ტონა თაფლს აწარმოებს. თაფლის რეალიზაციას მეწარმე საქართველოსა და თურქეთში ახორციელებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.
გორგაძეების ოჯახში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულია კომერციული ბანკები და სალიზინგო ორგანიზაციები.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია.