თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი რვა წლის ბავშვს შარტავას ქუჩაზე 31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დაეჯახა. შედეგად მოზარდს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ექიმები ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადავიდა, რითაც დაარღვია მოძრაობის წესები, და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად BMW-ს მარკის ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ ბავშვს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.