ქართულ ანიმაციურ ფილმს „მიტოვებული სოფელი" ამსტერდამში აჩვენებენ

ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია და ადამიანის მეტაფორას წარმოადგენს, რომელმაც დაივიწყა სიყვარული. ფილმში წარმოდგენილია უსიყვარულობის შედეგად განადგურებამდე მისული სამყარო.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რეჟისორ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ ამსტერდამის საერთაშორისო ფესტივალ Kaboom-ის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
Kaboom-ის საკონკურსო პროგრამა ამსტერდამში 28 მარტს გაიხსნა და 3 აპრილამდე გასტანს. ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება როგორც კინოთეატრში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე.
რაც შეეხება ქართულ ფილმს „მიტოვებული სოფელი“, მისი ჩვენება გაიმართება 2 აპრილს ამსტერდამის კინომუზეუმში EYE, 15:00 საათზე. ასევე 2 აპრილს ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკი იქნება Filmmakers Talk-ის მონაწილე.
„მიტოვებული სოფელი" კინოსტუდია „კვალი XXI“-ის, კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთისა" და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალებით 2018 წელს არის გადაღებული.
ქართულმა ანიმაციამ „მიტოვებული სოფელი" სარდინიის კინოფესტივალზე ჯილდო დაიმსახურა>>
ანიმაციური ფილმის პრემიერა 2020 წლის 23 ნოემბერს ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში The Yebisu International Festival for Art & Alternative Visions-ის ფარგლებში გაიმართა. „მიტოვებული სოფელი" არის პირველი ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში აჩვენეს. ნამუშევარმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.
გარდა ამისა, 2021 წლის ივლისში ფილმმა პარიზის საერთაშორისო ანიმაციურ კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. ასევე 2021 წლის დეკემბერში ფილმი სარდინიის (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.