თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა სტამბულში გაიმართოს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
ამასთან თურქეთის ლიდერმა არ დააკონკრეტა, როდის შეხვდებიან ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა „უახლოეს მომავალში“ შედგეს.
„წინასწარი კონსულტაციების შედეგად ახლა ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ლიდერებს უმაღლეს დონეზე, რათა მათ დონეზე გადავდგათ ნაბიჯები, განსაკუთრებით, ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებით“, — აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის პოზიტიური მოსაზრებები აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმირ პუტინსაც ექნება დადებითი აზრები.
„თუ ჩვენ შევძლებთ სტამბულში სამიტის ჩატარებას, რათა მათ ნეგატიური ტენდენციის პოზიტიურად გადაქცევა გადაწყვიტონ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით“, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებებს ვიდეოფორმატში აწარმოებენ. მანამდე, 29 მარტს ისინი სტამბულის დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვდნენ პირისპირ. კიდევ უფრო ადრე ორი ქვეყნის დელეგაციების პირველი სამი შეხვედრა 28 თებერვალს, 3 მარტსა და 7 მარტს ბელარუსში გაიმართა, ხოლო 10 მარტს ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები — დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი შეხვდნენ.