თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველო ტერიტორიული პრობლემების გადაჭრას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აპირებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ამ საკითხში არ შეცვლილა. კახიანმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა აღდგეს ნდობა ოს და აფხაზ ძმებთან.
„რაც არ უნდა პროვოკაციები იყოს და, სამწუხაროდ, რამდენი ასეთი პროვოკაცია, პირდაპირი მცდელობები ვნახეთ, რომ საქართველო ჩათრეული ყოფილიყო საომარ მოქმედებებში, ჩვენ ამას ცივი გონებით ვპასუხობთ და ვატარებთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანების დასაწყისში დაკარგა შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.