თბილისი, 29 მარტი – Sputnik. აჭარის მთავრობამ ჯანდაცვის ახალი პროგრამის ფარგლებში უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. ამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
პროგრამის ბენეფიციარები გახდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან პირები, რომლებიც რეპროდუქციულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დავაფინანსოთ. ამ მიმართულებით შემდეგი კორექტირების დროს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და ეს მოხმარდება ამ ადამიანების საჭიროებებს“, – განაცხადა რიჟვაძემ დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, მომართვიანობიდან გამომდინარე, დაფინანსება მომდევნო წლებში გაიზრდება.
როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, უშვილობის დაფინანსება აჭარაში საპილოტო პროექტი იქნება საქართველოსთვის.
სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს საქართველოში გარდაცვალებულთა რაოდენობამ ახალდაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა. თუ 2019 წელს მოსახლეობის ზრდა 1.637 ადამიანს შეადგენდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი მინუს 4.017-ია. შობადობა 3,7%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით.