თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეორე ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 120 ტონა ტვირთის მობილიზება მოხდა, მათ შორის 90 ტონა – რეგიონებიდან.
ტვირთი ძირითადად სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მოიცავს.
ტვირთის შეგროვების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი.
ამ ეტაპზე თბილისში, „საქართველოს ფოსტის“ ტერმინალში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მობილიზებული ტვირთის თავმოყრა მოხდა, რომელიც სატვირთო ავტომობილებში დაიტვირთება და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ უკრაინაში გაიგზავნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზების პროცესი გრძელდება და უკრაინაში გასაგზავნად მზად კვირის ბოლოს იქნება.
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირების ლოგისტიკის პროცესს „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.