ღარიბაშვილი: ბათუმში ავარიული შენობები თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება

პროექტის მიზანია როგორც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ისე ქალაქის იერსახის მოწესრიგება.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. იწყება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", რომლის ფარგლებშიც ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ მომზადებულ აღნიშნულ პროგრამას მთავრობის წევრები დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.

„ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რაც მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნული მიზნობრივი პროგრამის თანახმად, ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მალე დაიწყება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გეგმის მიხედვით, ბათუმში ავარიული სახლების პრობლემა 2025 წლისთვის გადაიჭრება. როგორც ადრე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, 4 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 80 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ამ დროისათვის ბათუმში 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კორპუსია ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო 1.400-ზე მეტი ოჯახი ავარიული სახლის პირობებში ცხოვრობს.
ავარიული სახლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასული წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. სახლის ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დროს მზიდი კედლების მოშლა გახდა.