თბილისი, 26 მარტი– Sputnik. თაღლითობის ფაქტები ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედეა ჯანიაშვილმა.
შაბათს შსს-მ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გახსნის შესახებ განაცხადა. თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - სულ 13 ადამიანი.
„ძალიან სამწუხაროა ასეთი ფაქტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მიმართ, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს მედეა ჯანიაშვილმა და შსს-ს ოპერატიული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
შსს-ს მონაცემებით, თაღლითების ჯგუფი, რომელშიც სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები შედიოდნენ, მოქმედებდა ღამის კლუბებში „ქალაქური“ და „როიალი“.
დაჯგუფების წევრები უცხოელებს თავს აპატიჟებინებდნენ კლუბში და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიჰქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.