ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია

ქართველი ფეხბურთელი ბათუმურ კლუბს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდება და კონტრაქტის საბოლოო დეტალებსაც შეათანხმებს.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია ტრანსფერის შესახებ ბათუმური კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ამ ეტაპზე შეთანხმების დეტალები ცნობილი არ არის. ასევე უცნობია ქართველი ფეხბურთელი ბათუმურ გუნდში 6-თვიანი იჯარის წესით გადავა თუ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.
გუშინ ყაზანის „რუბინმა“, სადაც ქართველი ფეხბურთელი წლების განმავლობაში ირიცხებოდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი შეჩერდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გუნდსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი არ გაწყვეტილა, საუბარია მხოლოდ შეჩერებაზე. უკრაინა–რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე ფიფამ და უეფამ რუსეთს სანქციები დააკისრეს, მათ საფუძველზე კი რუსეთში მოთამაშე ნებისმიერ ლეგიონერს ზაფხულამდე კლუბის დატოვება ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე შეუძლია. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბის მოსაძებნად დრო 30 ივნისამდე აქვს. ამ დროის განმავლობაში თუ ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდთან სრულფასოვან კონტრაქტს ვერ გააფორმებს, ყაზანში დაბრუნება მოუწევს.
უკვე ოფიციალურად! „რუბინსა“ და კვარაცხელიას შორის კონტრაქტი შეჩერდა
ამ დროისათვის ქართველი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება. კვარაცხელია დღეს გასამართი მატჩისთვის ემზადება, სადაც საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, შემდეგ კი ტირანაში ალბანეთთან სათამაშოდ (29 მარტს) გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ყაზანის „რუბინთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 2021/22 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ ღირსება რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში დაიცვა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი.