თბილისი, 25 მარტი – Sputnik. აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგ კრავჩუკმა საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გრეგ კრავჩუკი სამეგრელოსა და გურიაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნო. ამერიკელ პროფესორს მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ფაროსანას მართვის საკოორდინაციო ცენტრში მიაწოდეს.
უწყების ინფორმაციით, გრეგ კრავჩუკი მეთხილე ფერმერებს შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის შედეგებზე ინფორმაცია მათგან მოისმინა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეისათვის მავნებლის პოპულაცია კონტროლირებადია.
გრეგ კრავჩუკმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაც დაათვალიერა, სადაც მავნებლებზე სამეცნიერო კვლევები აქტიურად მიმდინარეობს.
„ის, რაც გაკეთდა, არის წინ გადადგმული ნაბიჯი; შთაბეჭდილების ქვეშ ვარ პერსონალით და აქ არსებული აღჭურვილობით, შენობა-ნაგებობებით, საკარანტინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობით. ეს ყველაფერი არის ვითარების მკვეთრად გაუმჯობესება“, – განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.
გრეგ კრავჩუკი საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ს G-HIP პროექტის მხარდაჭერით იმყოფება.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.