თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველო, რომელსაც „ევროვიზია 2022“-ზე ჯგუფი Circus Mircus წარადგენს სიმღერით Lock Me In, ბუკმეკერების პროგნოზით, კონკურსზე 29-ე ადგილს დაიკავებს.
Eurovision World-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, პირველ ადგილს, სავარაუდოდ, უკრაინა დაიკავებს (35%).
უკრაინის შემდეგ გამარჯვებას „უწინასწარმატყველებენ“ იტალიას (15%). შემდეგ მოდიან შვედეთი (12%), დიდი ბრიტანეთი (5%), საბერძნეთი (4%), პოლონეთი (3%) და ა.შ.
საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus „ევროვიზია 2022“-ზე მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში გამოვა. ზუსტ რიგით ნომერს შოუს პროდიუსერები მაშინ დაადგენენ, როცა ყველა სიმღერა გახდება ცნობილი. ეს აპრილამდე არ მოხდება.
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 41 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
გასულ წელს კონკურსზე წარდგა თორნიკე ყიფიანი სიმღერით You. სამწუხაროდ, შემსრულებელი ფინალში ვერ გავიდა.