მუზეუმებში 2023-2024 წლების გამოფენებზე განაცხადების მიღება დაიწყო

გამოფენის მოწყობისთვის განაცხადის წარმოდგენა შეუძლია როგორც ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ასევე პროექტის კურატორს და ორგანიზაციას.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2023 წლის მეორე ნახევრისა და 2024 წლის საგამოფენო გრაფიკის შედგენას იწყებენ. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ მუზეუმებში გამოფენის მოწყობისთვის განაცხადის წარმოდგენა შეუძლია როგორც ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ასევე პროექტის კურატორს და ორგანიზაციას. გამოფენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. ეს ვადა არ ვრცელდება საერთაშორისო გამოფენებზე.

განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გამოფენის მხატვრული, ისტორიული ან შემეცნებითი მნიშვნელობა; გამოფენის კონცეფციის ორიგინალურობა და კრეატიულობა; ფართო აუდიტორიის ინტერესების დაკმაყოფილება და სხვ.

საგამოფენო პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება რეტროსპექტულ გამოფენებს; პერსონალურ და ჯგუფურ კონცეპტუალურ გამოფენებს; საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ექსპონატთა გამოფენებს; სხვა მუზეუმებსა და ინსტიტუციებთან ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შედეგად მომზადებულ გამოფენებს.
არ განიხილება ისეთი გამოფენის პროექტი, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, ასევე რელიგიური/კონფესიური დოქტრინის მხარდასაჭერად.
„წმინდა ფიროსმანი“: თბილისში იაპონელი მხატვრის გამოფენა იმართება>>
საგამოფენო განაცხადი განსახილველად წარედგინება საგამოფენო კომისიას. თუ კომისია მიიჩნევს, რომ შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს კონკურსის ინტერესებსა და პრიორიტეტებს საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე ხელოვნების წახალისებისა და პოპულარიზაციის კუთხით, თავად ეროვნული გალერეა უზრუნველყოფს ბეჭდური და ციფრული სახის პროდუქციის (კატალოგი, ბანერი, საინფორმაციო პანელი, ვიდეორგოლი და სხვ.) სრულად ან ნაწილობრივ დამზადებას.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 მარტიდან 2022 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად - gng.exhibition@gmail.com ან მატერიალური სახით მისამართზე: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ 11.