მსოფლიო დღეს

ინდოეთში ფეხბურთის მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა - საზარელი ვიდეოკადრები

პოლიციის ცნობით, ყველა დაშავებული ახლომდებარე საავადმყოფოებშია გადაყვანილი, მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ინდოეთის ქალაქ მალაპურამში შაბათს ღამით ფეხბურთის მატჩის დროს დროებითი ტრიბუნა ჩამოინგრა - 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეარხი India TV.
„მოედნის კიდეზე აშენებული დროებითი ტრიბუნა ფეხბურთის მატჩის დროს ჩამოინგრა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა", - იუწყება ტელეარხი.
გავრცელებული ინფორმაციით, დროებითი ტრიბუნა 1000 მაყურებელზე იყო გათვლილი, მაგრამ იქ დაახლოებით 2000 ადამიანი შეიკრიბა.
პოლიციის წინასწარი დასკვნის მიხედვით, ბამბუკის ტრიბუნა წვიმისა და სტადიონის გადატვირთულობის გამო ჩამოინგრა.
ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა ინდოეთში - გასული წლის მარტში ინდოეთის ტელანგანას შტატში, ქალაქ სურიაპეტის სტადიონზე ხის ტრიბუნის ჩამონგრევისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ჩამონგრევის მიზეზად ტრიბუნების დატვირთველობა დასახელდა.
წყარო - India TV.