თბილისი, 18 მარტი – Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეექვსე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
ამჟამად ქართველი სეკიტორის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 2 მარცხია. მისი შემდეგი მეტოქე სუპერტურნირის მე-7 დღეს ჩიომარუ იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 2 მოგება და 4 მარცხი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7-8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონი) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. ამისთვის ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.