თბილისი, 18 მარტი — Sputnik. გერმანიის საელჩომ უარყო საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება გერმანიის სასამართლოს მიერ საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის გამართლების თაობაზე.
გუშინ მსჯავრდებულ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ გერმანულმა სასამართლომ კალანდაძე გაამართლა, რის ერთ-ერთ არგუმენტად სააკაშვილის უკანონო პატიმრობა დასახელდა.
„გერმანიის საელჩო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ბატონი კალანდაძის და არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ გერმანიაში არ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი წარმოება. ბრალი არავისთვის წაუყენებიათ და არავინ გაუმართლებიათ“, – აღნიშნულია საელჩოს პრეს-სპიკერის განცხადებაში.
გასული წლის დეკემბერში ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძის გერმანიაში დაკავების შესახებ. მასმედიის ცნობით, მიუხედავად საქართველოს პროკურატურის მოთხოვნისა, კალანდაძის ექსტრადირება არ მოხდა და იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გიორგი კალანდაძე გენშტაბს 2012 წლის 8 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან იგი უკრაინაში ცხოვრობდა, მუშაობდა ინსტრუქტორად და ხელმძღვანელობდა ცალკეული სამხედრო ქვედანაყოფების სწავლებას.
საქართველოში კალანდაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებებით, რაც 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.