COVID-19 - ბოლო ცნობები

პანდემია დასასრულს უახლოვდება? რას ამბობს ჯანდაცვის უწყება

მიუხედავად ეპიდვითარების დასტაბილურებისა, ქვეყანაში კვლავაც აუცილებელია პირბადის ტარების წესის დაცვა.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ COVID-19 პანდემიური გავრცელებიდან ენდემურზე გადადის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
იანვარი–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. ბოლო 24 საათში კი ქვეყანაში კორონავირუსის 888 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ვირუსის პანდემიური მდგომარეობიდან ენდემურ გავრცელებაზე გადასვლის თაობაზე. ეს არ ნიშნავს, რომ მოცემული მიმდინარეობა საყურადღებო არაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი გაცილებით ლოკალური, ადგილობრივი ხასიათის და არა პანდემიური იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ, ყველა ნიშნის თანახმად, ვითარება სწრაფი ტემპით უმჯობესდება. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების საკმაოდ სწრაფი გაუმჯობესების სურათი გვაქვს, დასძინა მან.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა იცის კორონავირუსის ახალ შტამზე თენგიზ ცერცვაძემ
რაც შეეხება კორონავირუსის ჰიბრიდულ ვარიანტ „დელტაკრონს“, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით საუბარი ჰიპოთეტურ დონეზე მიდის და აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სპეციალისტებს ახალი შტამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ.
„ჩვენ უნდა დავიცადოთ. ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, ინფორმაცია დაზუსტდება. დღეს აქცენტი მაინც არის „ომიკრონზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად ეპიდვითარების დასტაბილურებისა, კვლავაც აუცილებელია პირბადის ტარების წესის დაცვა.