თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ და სურს მათი ეფექტურად დასრულება, მაგრამ შეშფოთებულია სამხედრო აქტივობით, რომელიც დიალოგის ფონზე არ იკლებს, განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
„მიდის მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას და გვინდა ვიხილოთ გადაწყვეტილება. ეს არის გზა წინ, მაგრამ რუსებისგან მიწაზე ვხედავთ სამხედრო ოპერაციის სრულ მხარდაჭერას. ისინი განაგრძობენ შეტევებს ისეთ ქალაქებზე, როგორებიცაა ხარკოვი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, კიევი“, — განუცხადა კირბიმ Bloomberg TV-ს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ აქვს კონფლიქტის „მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის“ შესაძლებლობა, და შეერთებულ შტატებში სურთ, რომ „ამ ძალისხმევამ ნამდვილად გამოიღოს ნაყოფი“.
„ისინი ირწმუნებიან, რომ სურთ მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, მაგრამ ამავდროულად არ წყვეტენ მცდელობას, რომ უპირატესობას მიაღწიონ სამხედრო საშუალებებით. ეს კი წარმოუდგენელი მასშტაბის სიკვდილსა და ნგრევას იწვევს“, — დასძინა კირბიმ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების პროცესის დასრულებას რამდენიმე დღე ან კვირა-ნახევარი დასჭირდება. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერისას, შესაძლოა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოხდეს.