თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
24 თებერვალს რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
„რაც შეეხება უკრაინაში (პრემიერის) შესაძლო ვიზიტის თემას, ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს უსაფრთხოების რისკების ანალიზი, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
„როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, ამის შემდეგ გავახმოვანებთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა კობახიძემ.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება არ გეგმავს დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებში მიიღოს მონაწილეობა.
ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.