თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ბიზნეს-იდეების მიღებას 21 მარტიდან იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას. მის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.
„სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
თუმცა პროგრამაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარები და 2015-2018 წლების ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარები.
არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს-პროექტის შემთხვევაშიც.
„პროგრამის გრანტის მოცულობა 30.000 ლარი იქნება. ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) – არაუმეტეს 40.000 ლარისა“, – აღნიშნავენ სააგენტოში.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის მინიმუმ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი – სულ მცირე 10%.
არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის სულ მცირე 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში – მინიმუმ 25%.
პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს: კაპიტალური დანახარჯები – არანაკლებ 90%-ისა, საბრუნავი საშუალებები – არაუმეტეს 10%-ისა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნეს-იდეების მიღება დაიწყება 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.