დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა – იურისტების მოსაზრება

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა გადაამეტა უფლებამოსილებას, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ (ვახუშტი) მენაბდე ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელს, რომლის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გეგმავს.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის საბაბი გახდა ზურაბიშვილის არაფორმალური და პირადი შეხვედრები პოლიტიკოსებთან ევროპაში მიუხედავად იმისა, რომ მან ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობისგან უარი მიიღო.

„აქ მნიშვნელოვანია შინაარსის საკითხი – რაზე მიმდინარეობდა მსჯელობა, ეს იყო პირად საკითხებზე მსჯელობა თუ სახელმწიფო საკითხებზე და, ცხადია, ეს იყო სახელმწიფო საკითხებზე მსჯელობა. ამ მიმართულებით, მე ვფიქრობ, პრეზიდენტი გასცდა კონსტიტუციურ უფლებამოსილებას“, – განაცხადა მენაბდემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

რაც შეეხება პრეზიდენტის უარს დანიშნოს მთავრობის მიერ წარდგენილი ზოგიერთი ელჩი, მენაბდე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში კონსტიტუცია არ დარღვეულა.
„რაც შეეხება ელჩების საკითხს, აქ პირიქითაა: ინიციატივა მოდის მთავრობისგან და პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატი უნდა დანიშნოს. „ოცნება“ მიიჩნევს, რომ აქ პრეზიდენტის როლი არის ფორმალური. ხოლო პრეზიდენტი, თავის მხრივ, მიიჩნევს რომ არა, მას შეუძლია დაბლოკოს, ან მოიწონოს კანდიდატურა. ამ შემთხვევაში მე მივიჩნევ, რომ პრეზიდენტის პოზიციაა სწორი, ის სწორად კითხულობს კონსტიტუციას“, – განაცხადა მენაბდემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილის ქმედებები ელჩების საკითხში კონსტიტუციურად უნდა ცნოს.
თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გია ბურჯანაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანა.
„დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს არადამოუკიდებელი მოსამართლეები კონსტიტუციას ისე განმარტავენ, „როგორც მამას უნდა”, – დაწერა ბურჯანაძემ თავის Facebook-გვერდზე და მოიყვანა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის წიგნიდან ამონარიდი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნა „არსებითად სიმბოლური უფლებამოსილებაა“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ბურჯანაძე სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც სახალხო დამცველის მოადგილე ზეწოლას ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის დისკრედიტაციას ცდილობს!“ – დაწერა იონათამიშვილმა.

იმპიჩმენტი

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუხებელია. თანამდებობაზე ყოფნისას არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
პრეზიდენტის გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტის გზით შეიძლება.
იმპიჩმენტის მიზეზი შეიძლება გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები.
იმპიჩმენტის პროცედურა შეიძლება დაიწყოს ქვეყნის პარლამენტმა. ამისთვის საჭიროა დეპუტატების მთელი შემადგენლობის 1/3-ის თანხმობა.
შემდეგ საქმე უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ერთი თვე ექნება განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად. თუ აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ან მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იყო, პარლამენტმა ორ კვირაში უნდა განიხილოს საკითხი და მას კენჭი უყაროს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის დეპუტატების ხმების 2/3-ია საჭირო.
„ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმები არ ეყოფა – დეპუტატი >>
არ შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, თუ ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობაა.
თუ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეწყვეტს, მის ვალდებულებებს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.
წყარო - რატი იონათამიშვილის Facebook-გვერდი