თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ დღეს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, სკოლებში კვლავ სავალდებულოა თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, პირბადის ტარების წესი.
ასევე გრძელდება სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენელთა და პედაგოგების სავალდებულო ტესტირება. 1 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR-ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 1.035-მა მოსწავლემ გამოთქვა, 32.444 -მა მოსწავლემ კი, პირიქით, ონლაინ-სწავლის ფორმატიდან საკლასო ოთახში დაბრუნება მოითხოვა.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს. სურვილის შემთხვევაში მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.
საჯარო და კერძო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო, სასწავლო პროცესი კი დღეს, 15 მარტს განახლდა.