თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარში უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს, ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.
მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე.
„ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მიერ გაწეული აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიებისა და არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
სატელეფონო საუბრისას დეტალურად იქნა განხილული საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური დიალოგის გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს.