ვინ და რატომ ვეღარ აიღებს საბანკო კრედიტს? ანუ თამაშის ახალი წესები

საბანკო ასოციაცია ეროვნული ბანკის პოზიციას არ იზიარებს. საბანკო სისტემის საკრედიტო რეგულაციებში ცვლილებებს არ ეთანხმება საბანკო სფეროს ექსპერტთა ნაწილიც. რატომ?
Sputnik
წინამდებარე სტატიას კომერციული ბანკების საკრედიტო მომსახურებაში დაგეგმილი ცვლილების შეხსენებით დავიწყებ. მარტის პირველ რიცხვებში გაუწყეთ, რომ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტების შესახებ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან პოტენციური მსესხებლებისთვის კრედიტის მომსახურების მინიმალური ზღვარი და კოეფიციენტი იცვლება. ჯერ კიდევ მოქმედი წესებით, იმ მოქალაქისათვის, რომლის შემოსავალიც თვეში 1000 ლარზე ნაკლებია, სესხის მომსახურების კოეფიციენტი შემოსავლის 25 პროცენტს, 250 ლარს შეადგენს, ხოლო 1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირისთვის სესხზე მომსახურების ყოველთვიური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტი, ანუ 500 ლარია. ახალი გადაწყვეტილებით კი ყოველთვიური შემოსავლის მინიმალური ზღვარი 1500 ლარამდე გაიზარდა.
განახლებული რეგულაციებით, 1500 ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში მსესხებელისთვის კრედიტის მომსახურების მაქსიმალური ლიმიტი 25 პროცენტი, ანუ 375 ლარი იქნება. ხოლო თუ დებიტორის ყოველთვიური შემოსავალი 1500 ლარს აღემატება, კრედიტის მომსახურების მაქსიმალური ლიმიტი 50 პროცენტი, 750 ლარი იქნება. მარტივად დათვლადია, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომლის შემოსავალიც თვეში 1000-1500 ლარის ფარგლებში მერყეობს, სესხის მომსახურების ყოველთვიური ლიმიტი გაუმკაცრდა. მიუხედავად ამ სიმარტივისა, უნდა დავაზუსტო: მოქალაქეს, რომლის შემოსავალიც 1000-დან 1500 ლარამდეა, ჯერ კიდევ შეუძლია იმ მოცულობის კრედიტი აიღოს, რომლის ყოველთვიური მომსახურების საფასური 500 ლარს შეადგენს. ახალი რეგულაციით კი, უკვე 1 აპრილიდან ამავე შემოსავლის მქონე პირს შეუძლია აიღოს სესხი, რომლის მომსახურების მაქსიმალური საფასური 250 ლარი იქნება. ძნელი არ არის იმის დანახვაც, რომ კობა გვენეტაძის უწყების ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობას შეუმცირებს.
რამდენით გაუფასურდა და რა ნიშნულამდე დაეცემა ლარი?
მიმდინარე წლის 1 მაისიდან ცვლილებები შევა იპოთეკური კრედიტების გაცემის წესშიც. კერძოდ, კომერციული ბანკები მსესხებლების გადახდისუნარიანობის შეფასებისას ვალდებული იქნებიან, გაითვალისწინონ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის რისკის ალბათობა, რომელიც სამი პროცენტით განისაზღვრება. როგორც ეროვნული ბანკში განმარტავენ, იპოთეკურ სესხებზე ცვლილება საჭიროა, რათა ცვლად განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის მატებამ კომერციულ ბანკებში ფინანსური რისკები არ წარმოშვას.
მახსოვს, ეროვნული ბანკის ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მოტივად ამავე უწყების მიერ რამდენიმე წლის წინ ჭარბვალიანობის წინააღმდეგ მიმართული ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის შემდგომი განხორციელება ვივარაუდე. როგორც მალევე გაირკვა, არ შევმცდარვარ. კობა გვენეტაძის უწყების განმარტებით, საკრედიტო პირობების გამკაცრება მიზნად ისახავს როგორც მოქალაქეების ჭარბი საკრედიტო ვალდებულებებისა და, შესაბამისად, ფინანსური რისკებისგან დაცვას, ისე საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელში პრობლემური სესხების წილის შემცირებას. რაკი სიტყვა პრობლემურ სესხებზე ჩამოვარდა, მოგახსენებთ, რომ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრისთვის ამერიკულ დოლარსა და ევროში გაცემული სესხების 13 პროცენტი პრობლემური იყო, ხოლო ლარში გაცემული კრედიტების ეს მაჩვენებელი 10 პროცენტს შეადგენდა. ამავე პერიოდში ვადაგადაცილება ჰქონდა დებიტორთა 12,1 პროცენტს.
რა და რატომ შეიცვალა კრედიტის გაცემის წესებში?
ეროვნული ბანკის ვერდიქტს დავუბრუნდეთ. საინტერესოა, როგორია საბანკო სფეროს სპეციალისტთა და ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებები. საგულისხმოა, რომ საბანკო ასოციაცია საბანკო სექტორის მარეგულირებლის პოზიციას არ იზიარებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი რეგულაცია სამომხმარებლო სესხების მომხმარებელთა გარკვეულ რაოდენობას სესხებზე წვდომას შეუზღუდავს, რაც სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის ტემპს შეანელებს.
„ახალი რეგულაციები კრედიტების მსესხებელთა დაახლოებით 25 პროცენტს შეეხება. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც შეძლებს სესხით სარგებლობას, ასევე მოთხოვნილი თანხის მოცულობასაც“, − აცხადებს ექსპერტი ალექსანდრე ძნელაძე.
კობა გვენეტაძის უწყების გადაწყვეტილებას ანალიტიკოსთა ერთი ნაწილიც არ იზიარებს. კერძოდ, ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა, სავარაუდოდ, დადგება, რადგან საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკასთან საკმაოდ ინტეგრირებულია. მისივე თქმით, როგორც ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების, ასევე ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების გართულების შედეგად საფინანსო სისტემა შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან ჭარბვალიანობის კოეფიციენტი მოიმატებს. საგულისხმოა, რომ ანალიტიკოსი ქვეყანაში ჭარბვალიანობის კოეფიციენტის შესაძლო მომატებას პროგნოზირებს, მაგრამ ჭარბვალიანობის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. კი, მაგრამ, რატომ? − დაინტერესდება მკითხველი და მართალიც იქნება, თუმცა ამჯერად ვერაფერს გეტყვით, რადგან თავად ექსპერტს ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ის ზოგადად საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ხელოვნურად შემცირების წინააღმდეგია. თუმცა, დავძენ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და მიზეზი შესაძლოა სულ სხვა იყოს.
რატომ დაამუხრუჭა ლარმა? ანუ რა ხდება და რას ელიან საფინანსო ბაზარზე?
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის ვარაუდით, რუსეთ–უკრაინის სამხედრო კონფლიქტის გამო მიმდინარე წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 1-2 პროცენტით შემცირება. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ცდილობს ამ მოვლენებმა საბანკო სექტორზე დიდი გავლენა არ მოახდინოს.
„ამ რეგულაცის მიზანია საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შემცირება. როგორც ჩანს, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური საფრთხეები დაინახა საკრედიტო პორტფელის ზრდაში და ამიტომ გამკაცრება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს სესხების პორტფელზე. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო სავსებით მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს 1-2 პროცენტით შემცირდეს. ამიტომ ეროვნული ბანკი ცდილობს გადადგას ფრთხილი, პრევენციული ნაბიჯები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს, როგორც არსებული, ისე ახლო მომავალში მოსალოდნელი გამოწვევების საბანკო სექტორზე გავლენის მინიმალიზებას. რამდენად სასარგებლო იქნება ეს ნაბიჯი, ძნელი სათქმელია“, − აცხადებას ანალიტიკოსი გიორგი კეპულაძე.
ერთი სიტყვით, კობა გვენეტაძის უწყების გადაწყვეტილებას საბანკო სექტორში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. მათი მთავარი არგუმენტი პოტენციური მსესხებლების ერთი ნაწილის საბანკო საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის შემცირებაა. თავად კი დავძენ, რომ არც ის არის გამორიცხული, ახალმა წესებმა მსესხებლების ამ ნაწილს ე.წ. მევახშეების მომსახურებით სარგებლობისკენ უბიძგოს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, დაველოდოთ...
სამსონ ხონელი