თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა საზოგადოების უმაღლეს ინტერესებს ემსახურება და ნებისმიერი თვითშემოქმედება ამ საკითხში მიუღებელია, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს, რათა მოითხოვოს დადასტურება მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის შესახებ. ამის საბაბი გახდა ზურაბიშვილის არაფორმალური და პირადი შეხვედრები პოლიტიკოსებთან ევროპაში მიუხედავად იმისა, რომ მან ოფიციალური ვიზიტების მოთხოვნაზე მთავრობისგან უარი მიიღო.
„დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ინსტიტუტის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებას გულისხმობს“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება უბრალოდ დაუშვებელია, აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ მგზავრობის ირგვლივ სკანდალის კომენტარისას ვარაუდი გამოთქვა, რომ ის „შეცდომაშია შეყვანილი“.
უარის მიზეზებზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირობებში და რეგიონში არსებული რთული პროცესების დროს „საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი ასეთ დროს უნდა ყოფილიყო ქვეყანაში“.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და ახორციელებს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან.
საქართველოს პრეზიდენტმა 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.