მოზარდობისას იცვლება სხეული, მისი ზომები, ფორმები, იცვლება კანის სტრუქტურა. ეს ფაქტი ხშირად საკუთარ თავთან გაუცხოებას განაპირობებს, თითქოს მოზარდი სხვა სხეულში გადასახლდა.
რა პრობლემებს აწყდება მშობელი თინეიჯერ შვილთან ურთიერთობისას, როგორ უნდა მოიქცეს იგი, რომ მოზარდმა ადვილად დაძლიოს კრიტიკული ასაკი, არ დაუზიანდეს ფსიქიკა, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე „sputnik საქართველოს“ საკონსულტაციო ცენტრ „იდილიას“ ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი (ასევე კავკასიის გეშტალტთერაპისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის წარმომადგენელი) ბარბარე ჭკუასელის ესაუბრა.
-ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებით თინეიჯერ ბავშვებში? როგორ უნდა მივუდგეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ გარდატეხის ასაკში ბავშვებთან ურთიერთობის დროს?
— ყველა ადამიანი ზრდის და განვითარების დროს სხვადასხვა ასაკში გადის კრიზისულ პერიოდებს. მაგალითად, კრიზისი იწყება სამი წლის ასაკში, შემდეგ ექვსი შვიდი წლის ასაკში. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კრიზისია თინეიჯერობის ასაკი, რომლის დროსაც მოზარდს ექმნება ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულების და შინაარსის პრობლემა. მათგან ყველაზე აქტუალურია საკუთარი თავის მიმღეობის (უჭირთ საკუთარი თავი მიიღონ ისეთი როგორიც არის) და თვითშეფასების თემა, კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, საკუთარი თავის დამკვიდრების თემა.
ამ ყველაფერს ემატება ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში, რომელიც გავლენას ახდენს მათ გუნება-განწყობაზე და ქმნის უფრო მძიმე ფონს.
თინეიჯერობის კრიზისულ ასაკში მყოფ მოზარდთან ურთიერთობა ძალიან უჭირთ მშობლებს. მათთვის გაუგებარია, ცოტა ხნის წინ დამყოლი და გაწონასწორებული ბავშვი რატომ შეიცვალა ასე უეცრად. რატომ არის სულ გაღიზიანებული და უკმაყოფილო, ჩაკეტილია და გაურბის მათთან ურთიერობას. რატომ არ ითვალისწინებს მათ აზრს და ცდილობს საკუთარი პოზიციების დაცვას. რატომ არის მათ შორის დაუსრულებელი კონფლიქტი ჩაცმის სტილსა და სწავლის მოტივაციის ვარდნასთან დაკავშირებით. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ გაუადვილდეს შვილთან ურთიერთობა, რათა დაეხმაროს მას ამ რთული პერიოდის გადალახვაში.
ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა გაიხსენონ თავიანთი გარდატეხის ასაკი და განცდები, რომლებიც მათ ჰქონდათ. ამგვარად მათთვის მეტ-ნაკლებად გასაგები გახდება მოზარდის ქცევის ასეთი მკვეთრი ცვლილება. აუცილებელია მშობელმა აღიაროს და მისცეს შვილს საკუთარი აზრის გამოხატვის და პოზიციების დაცვის უფლება. ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ძალიან კარგ გავლენას ახდენს მშობლისა და მოზარდი შვილის ურთიერთობაზე მშობლის მხრიდან მისი პატივისცემა და იმის აღიარება, რომ ის უკვე გაიზარდა. რაც გამოიხატება მათთვის აზრის კითხვით ამათუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მათ მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის დაუსრულებელი პროცესი, ეს არის პერიოდი, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. ეს არის პერიოდი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოზარდის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ეს არის კრიზისი, რომლის კარგად გადალახვა არის მათი ცხოვრებისეული კეთილდღეობის გარანტი.
ამ პერიოდში მშობელი უნდა იყოს თანმიმდევრული, მომთმენი და გაწონასწორებული შვილის მიმართ. უნდა ეცადოს მხარი დაუჭიროს და გვერდით დაუდგეს ისე, რომ არ დაურღვიოს მისი პიროვნული საზღვრები.
თინეიჯერობის პერიოდში წამყვანი მიმართულება არის საკუთარი თავის მიღება, დამკვიდრება და ადამიანებთან ურთიერთობა. ამ დროს აქტუალობას კარგავს სწავლის პროცესი, რაც გამოიხატება მოტივაციის დაქვეითებითა და ყურადღების გაფანტვით. ეს პრობლემაც ძალიან მძიმედ გადააქვთ მშობლებს, მაგრამ ეს არის პერიოდი, როცა მოზარდთან ხელჩართულ ბრძოლას და მასზე მბრძანებლობას არანაირი შედეგი არ მოაქვს. რეალურად მშობლის მხრიდან ამგვარ ქცევას არც ერთ ასაკში არ მოაქვს დადებითი შედეგი, მაგრამ განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება ეს თინეიჯერობის ეტაპზე. შედეგად ბავშვი კარგავს ნდობას მშობლის მიმართ და უფრო მეტად იკეტება.
–როგორ ფიქრობთ, ყოფითმა პრობლემებმა ხომ არ გამოფიტა მშობლის ინსტიტუტი და მშობლებს აღარ სცალიათ ბავშვების მოსასმენად?
–როგორც ზემოთ აღვნიშნე პრობლემები მოდის ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ სიტუაციის დამძიმება ან კრიზისის მარტივად გადატანა ნამდვილად დამოკიდებულია მშობლის ინსტიტუტზე. ამ ასაკში მოზარდს აქვს მოთხოვნილება იყოს ყურადღების ცენტში, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც მას იღებენ ისეთს როგორიც არის. სამწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ მშობელი ვერ იცლის შვილისთვის, რაც ასევე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მასზე. ის მარტოსულად გრძნობს თავს. ფიქრობს, რომ აღარავის უყვარს და მის არსებობას აზრი არ აქვს.
–ამ ასაკში ხშირია სუიციდის და თვითდაზიანების ფაქტები, რა იწვევს ამას და როგორ მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აიცილოს ეს ფაქტები?
–მშობლებთან ურთიერთობის პრობლემებმა, საკუთარი თავის გარეგნობის მიუღებლობამ, დაბალმა თვითშეფასებამ და ურთიერთობების პრობლემებმა, მათი ცვალებადი და მძიმე ემოციური მდგომარეობის ფონზე შეიძლება გამოიწვიოს თვითდაზიანებისკენ და აუტოაგრესიისკენ მიდრეკილება. როცა ისინი ვერ უმკლავდებიან მოზღვავებულ აგრესიას და ვერ გამოხატავენ საკმარისი რაოდენობით, მიმართავენ ამ ყველაფერს საკუთარი თავის მიმართ, რათა საბოლოო ჯამში მათი შფოთვის დონე დარეგულირდეს და შემცირდეს.
ბუნებრივია ამ ყველაფერს მშობელმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, და მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს მოზარდს. ბუნებრივია ისეთი მძიმე სიტუაციის დროს, როცა საქმე გვაქვს თვითდაზიანებასთან და სუიციდის მცდელობასთან, აუცილებელია ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩართავს სხვა სპეციალისტს ან შემოიფარგლება მხოლოდ ფსიქოთერაპიით.
–სანამ გარდატეხის საკას მიუახლოვდება ბავშვი, ალბათ მანამდე უნდა მივიღოთ ზომები, რომ ბავშვმა ადვილად დაძლიოს ეს წლები. რას ურჩევთ იმ მშობლებს ვისი შვილიც ეხლა უახლოვდება ამ რთულ ასაკს?
–ბუნებრივია შვილთან სწორი ურთიერთობის წარმართვა დაბადებიდან აუცილებელია. თუ მშობელი იყენებს ზედმეტად მკაცრ ან ზედმეტად ლოიალურ აღზრდის სტილს და უეცრად თინეიჯერობის ასაკში მოინდომებს მის შეცვლას, კარგ შედეგს ბუნებრივია ვერ მიიღებს. მშობელი ყოველთვის უნდა იყოს მეგობრული და თანმიმდევრული. უნდა შეეცადოს ბავშვში დაინახოს არა საკუთარი თავი და მისი აუსრულებელი ოცნებები, არამედ დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, დამოკიდებულებები და ოცნებები.
ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი როგორიც არის, უპირობო სიყვარულით, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებულია თქვენი შვილი. მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის და პატივი ეცით მის ინდივიდუალობას.