თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინისთვის შეგროვებული სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა.
ჰუმანიტარული ტვირთი წითელი ჯვრის საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გადასცეს.
დეპუტატების განცხადებით, პარლამენტი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს და ჰუმანიტარულ დახმარებას კვლავ გაგზავნის.
„ჩვენ ამ აქციას გავაგრძელებთ და საჭიროების მიხედვით, პერიოდულად გავგზავნით ტვირთს ჰუმანიტარული დახმარების სახით. ეს მხარდაჭერა იქნება იქამდე, სანამ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დახმარება დასჭირდებათ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ განაცხადა, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ხვალ გაიგზავნება.
„უკრაინაში ვაგზავნით საქართველოს წითელი ჯვრის მანქანებს, სადაც შექმნილია ლოჯისტიკური ჰაბი და შემდგომ უკვე უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება დაარიგებს ტვირთს ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ლოლაძემ.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით თბილისში მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები.
აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თბილისშია დასაწყობებული, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტვირთი ფოთის ტერმინალში შეგროვდა.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.