თბილისი, 11 მარტი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეთ გაჯიევმა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხების განყოფილებას ხელმძღვანელობს, დასაშვებად მიიჩნია შესაძლებლობა, რომ ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართოს.
როგორც Sputnik–აზერბაიჯანი იუწყება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში 10 მარტს ჩავიდა, სადაც ის ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობს.
„არის ასეთი იდეა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. თუ ამისთვის სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანი ნებისმიერ ფორმატში ასეთი შეხვედრისთვის ყოველთვის მზადაა“, – განაცხადა გაჯიევმა.
დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში თურქეთის პრეზიდენტის პატრონაჟით წელს უკვე მეორედ იმართება. ფორუმი – ინიციატივაა, რომელიც მიმართულია მოსაზრებების გაცვლისკენ გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე და საგარეო პოლიტიკური პრობლემების საკვანძო გადაწყვეტილებების მოძიებისკენ.