თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი“.
9-10 მარტს გაიმართა მოლაპარაკებები ყაზახეთის ინდუსტრიის სამინისტროს, აზერბაიჯანის ციფრული და ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, სადაც ყაზახური და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვების საკითხები განიხილეს.
ანტიკრიზისული ღონისძიებების შტაბის სხდომაზე განიხილეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების შედეგები და ყაზახეთის ტვირთების გადაზიდვების თემა, იუწყება გამოცემა.
„TITR მარშრუტის განვითარების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელიც იმუშავებს გამჭოლი ტარიფწარმოქმნის, ტვირთების დეკლარირების, ერთობლივი IT–გადაწყვეტილებების გამოყენების და სატრანზიტო ტვირთების კონსოლიდაციის საკითხებზე“, – ნათქვამია ყაზახეთის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მარშრუტზე წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ტვირთების, მათ შორის 200 ათასამდე კონტეინერის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
ლიანიუნგანის (ჩინეთი) პორტის გავლით არსებულ მარშრუტთან დაკავშირებით მუშავდება ტრანზიტული ტვირთგადაზიდვების ტარიფის შემცირების საკითხი, დასძინეს მთავრობის პრეს-სამსახურში.
ჩინეთთან საზღვარზე ყაზახური ტვირთების შეყოვნების შემთხვევები არ შეიმჩნევა.
ხოლო ბიზნესის სფეროს მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ბელარუსის საზღვარზე ტვირთების შეყოვნების შემთხვევების შესახებ არ დადასტურდა.
წყარო - Sputnik-ყაზახეთი.