თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონობა იზეიმა გიორგი შოთაძემ, რომელიც 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ოქროს მედალი აიღო დიეგო ჩხიკვაძემაც (67 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი კადირ ქამალი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმაც (97 კგ). ჩხიკვაძემ ფინალში თურქი აბდულა ტოპრაკის ბარიერი დაძლია, ხოლო ქაცანაშვილმა ავსტრიელი მარკუს რაგინგერი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დასრულეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), ბექა გურულმა (82 კგ) და დავით სოლოღაშვილმა (77 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი გიორგი ცოფურაშვილმა აიღო, რომელიც 130 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 183 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე ადგილი თურქეთმა (156), მესამე კი აზერბაიჯანმა (102) დაიკავა.