ოპოზიციამ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საინფორმაციო ომი გააჩაღა

მდინარაძის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ ოპოზიციური მასმედია და პარტიული აქტივისტები.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქართული ოპოზიცია უკრაინის თემის მანიპულირებით ხელოვნურ აჟიოტაჟს და პანიკას ქმნის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიციის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს მთავრობის პოზიციამ – არ შეერთებოდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

„საქართველოში რადიკალურმა ოპოზიციამ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომი წამოიწყო. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა მიუხედავად იმისა, შეუერთდა თუ არა ქვეყანა სანქციებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ ოპოზიციური მასმედია და პარტიული აქტივისტები, რომლებიც ხელოვნურ აჟიოტაჟს და პანიკას ქმნიან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ამისთვის სპეციალური ლობისტები დაიქირავა.
მდინარაძემ მაგალითად მოიყვანა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან და პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი.
რამდენად მასობრივად ხდება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა?>>>
„აჟიოტაჟის გამო ლოკალურად დაფიქსირდა პროდუქტებზე აჟიოტაჟი, რაც ალოგიკურია, რადგანაც დეფიციტზე საუბარი არც მიდის“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ, პირიქით, დეფიციტის შექმნა შეეძლო სანქციებს, რომელთაც ოპოზიცია მოითხოვს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.